საგანგებო მდგომარეობა

დაუშვა თუ არა მთავრობამ ნაწილობრივ ონლაინ ვაჭრობა?

მოქალაქეების კრიტიკის შემდეგ ხელისუფლებამ ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით და კომპიუტერებით დისტანციურად ვაჭრობა კვლავ დაუშვა, თუმცა, მთავრობის დადგენილების მიხედვითვე, ჯერაც გაურკვეველია, აქვთ თუ არა მოქალაქეებს, მაგალითად, საოჯახო ტექნიკის ყიდვის საშუალება.  

შესაბამის კითხვაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამაც კიდევ უფრო ბუნდოვანი პასუხი გასცა. მას დადგენილება არ უხსენებია და აღნიშნა: "ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები, ფაქტობრივად, აკრძალულია. ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმები." მან დაახლოებით იგივე გაიმეორა, რაც 1-ლ აპრილს გიორგი გახარიამ თქვა: ონლაინ ვაჭრობის ნებართვას მიიღებს ის, ვინც უსაფრთხოების სტანდარტებს დააკმაყოფილებს. თუმცა, ტექნიკის მაღაზიებმა დისტანციურად გაყიდვები აღადგინეს, მათ შორის ნაწილი ისეთ პროდუქციასაც ყიდის, რაც დადგენილების ჩამონათვალში არ წერია.

ალტაში ტაბულას უთხრეს, რომ ისინი მთლიან პროდუქციას ყიდიან - როგორც ტელეფონებს, კომპიუტერებს და მათ აქსესუარებს, ასევე წვრილ და მსხვილ საოჯახო ტექნიკას.

თუმცა, ელიტ ელექტრონიქსში საოჯახო ტექნიკის გაყიდვები კვლავ შეჩერებულია. "როდის აღდგება მათი გაყიდვები ან აღდგება თუ არა, ინფორმაცია არ გვაქვს", - გვითხრეს კომპანიაში.

ზუმერი საოჯახო ტექნიკით არ ვაჭრობს, თუმცა, სატელეკომუნიკაციო პროდუქციის გაყიდვები აღადგინა.

ბიბლუსი წიგნებს ონლაინ ყიდის.

მთავრობის დადგენილებაში, რომელიც ძალაში 2 აპრილიდან შევიდა, ნათქვამია, რომ დასაშვებია:

  • საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. დელივერი სერვისი )
  • ნავთობის და გაზის მოპოვება, გადამუშავება;
  • ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად)
  • "ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს სახლიდან მუშაობას, ხოლო კრიტიკულად აუცილებელ შემთხვევებში, ასევე სამუშაო ადგილიდან („სამსახურიდან, ოფისიდან“, მაგრამ არა უმეტეს 5 ადამიანისა)".

ასევე, მთავრობის დადგენილების დანართში დაზუსტდა, რა მომსახურებების გაწევაა დასაშვები დისტანციურად საგანგებო მდგომარეობის პირობებში.

ჩამონათვალში შედის:

  • IT მომსახურების დისტანციურად გაწევა;
  • საგამომცემლო მომსახურება;
  • საბუღალტრო მომსახურების დისტანციურად გაწევა;
  • თამბაქოს გაყიდვა;
  • კომპიუტერებით ვაჭრობა;
  • დაზღვევის გაყიდვა;
  • დისტანციურად გამოცდების ჩაბარება;
  • იურიდიული და საბუღალტრო მომსახურების გაწევა

და სხვა.

გუშინდელი, 1-ლი აპრილის მდგომარეობით, ეს საქმიანობები აკრძალული იყო.

სწორედ ამ ჩამონათვალშია ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით ონლაინ ვაჭრობა, თუმცა, არ არის ნახსენები საოჯახო ტექნიკა.

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა:

"ვიცი, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული თემაა, ბიზნესის შეზღუდვა ყოველთვის არასასიამოვნოა. მაგრამ, ეს პირველ რიგში, ნაკარნახევია იმ აუცილებლობით, რომ უნდა მოვთხოვოთ ბიზნესს, გადაეწყონ საქმიანობის ახალ წესზე. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ, უსაფრთოების ყველა ზომა დაიცვან. ამ ეტაპზე ონლაინ გაყიდვები, ფაქტობრივად, აკრძალულია. ამაში არ შედის ფარმაცევტული ნაწარმები. რაც შეეხება სასურსათო სიას, ის გრძელდება, აქაც ჩენ გადავამოწმებთ და მოვითხოვთ ყველა წესის დაცვას. ეს არის დროებითი იძულებითი ზომა. საკმაოდ დიდი სფეროა, ურთიერთობის საკმაოდ დიდი ჯაჭვია - იქ არის საწყობები, მიტანის სერვისები, ოფისები, მე მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ კომპანიას, ვინც ძალიან მოკლე ხანში ააწყო ონლაინ გაყიდვები, ვიცი, ეს არ იყო მარტივი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა რესურსთან არის ეს დაკავშირებული.

ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, როგორი მოდელით და ფორმატით შევთავაზებთ ამ ბიზნესს, გადააწყონ მუშაობა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ის ადამიანები, ვინც არიან საწყობებში, არიან გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვილები, ეკიპირებულები, მათი ქცევის ალგორითმი უნდა იყოს გათვლილი. ასევე, ის ადამიანები, ვინც მიდიან ამა თუ იმ ოჯახში და ჩვენ ვუღებთ ჩვენი სახლის კარს, თვითონაც უნდა იყვნენ დაცულები და კლიენტებიც. ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ. კონკრეტულ წესებს და მოსაზრებებს ძალიან მალე შევთავაზებთ ყველას, ვინც არის ონლაინ გაყიდვებში ჩართული. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ ესა თუ ის კომპანია გარანტიას გვაძლევს, რომ მისი საქმიანობა იქნება უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ამის შემდეგ შევძელბთ, დავუშვათ კომპანიების საქმიანობა".

1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში დისტანციურად საკვების გარდა, ნებისმიერი საქონლის ყიდვა და მომსახურება აკრძალული იყო.

მას შემდეგ, რაც საკვების გარდა ყველა პროდუქციის გაყიდვა აიკრძალა და მოქალაქეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, გიორგი გახარიამ ისიც თქვა, რომ "მათ ასაკრძალად საკმარისი არგუმენტი არსებობს" და რომ "უნდა მოვითმონოთ 2 კვირის განმავლობაში პლეერის ყიდვის გარეშე".

თუმცა, 2 აპრილიდან ამოქმედებული დადგენილებით რიგი პროდუქციით ვაჭრობა მაინც დასაშვები გახდა.

კომენტარები