ენმ

ენმ დეპუტატ მკოიანის დაპატიმრების მოთხოვნით პროკურატურასა და შსს-ს მიმართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის, წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს. 

საქმე ეხება 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ გარჩევას, რომელშიც დეპუტატი მკოიანი მონაწილეობდა და რომლის შედეგადაც პატრიოტთა ალიანსის წევრი სამველ პეტროსიანი და მკოიანის ძმიშვილი, არმენ მკოიანი ხულიგნობის მუხლით დააპატიმრეს. 

"ჩვენ ვიხილეთ, რომ როდესაც ქართული ოცნების დეპუტატი, მაჟორიტარი მკოიანი იღებს და მიმართავს ცეცხლსასროლ იარაღს ადამიანების წინააღმდეგ, ამას უყურებს პოლიციელი, ამას თვითმხილველი ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიცია არც იმ წუთას და არც შემდეგ არ ახდენს რეაგირებას,"- თქვა ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ. 

დეკანოიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტია პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელებითაა გამოწვეული, პარტია შეიტანს წერილს და საჩივარს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

26 მარტს ახალქალაქში ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე პირი დაუპირისპირდა, გარჩევაში მათ შორის ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანიც მონაწილეობდა. 

მკოიანმა ინციდენტის შესახებ განცხადება 31 მარტს გაავრცელა, სადაც ის ამტკიცებს, რომ პატრიოტთა ალიანსის წევრი სამველ პეტროსიანი მას თავს დაესხა და მისი მოკვლა სცადა, ხოლო თვითონ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის უფლება ჰქონდა. 

მკოიანის განცხადებით, დაპირისპირება თავდაპირველად მის ძმიშვილსა და პეტროსიანის შვილს შორის დაიწყო, ინციდენტის დაწყებას კი თავად არ დასწრებია, თუმცა მოგვიანებით ადგილზე მისულმა "მისი განმუხტვა შეძლო". მკოიანის ვერსიით, როდესაც ის და მისი ოჯახის წევრები ტერიტორიის დატოვებას აპირებდნენ, ადგილზე მივიდა პეტროსიანი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე გაისროლა და თან ყვიროდა, რომ მის მოკვლას აპირებდა. 

დეპუტატმა მკოიანმა ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, რომელიც სათვალთვალო კამერებითაა გადაღებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე ჯავახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1954 წელს დაბადებულ სამველ პეტროსიანი და 2001 წელს დაბადებული არმენ მკოიანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. 

"​გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი "გოლდის" მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან,"- წერია შსს-ის განცხადებაში. 

შსს-ის ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები