კორონავირუსი

კობახიძე: უმრავლესობის დეპუტატები და მინისტრები სამი თვის მანძილზე ხელფასის 1/3-ს გავიღებთ

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობის და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მომდევნო სამი თვის განმავლობაში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. საუბარია 105 ადამიანზე - მთავრობის 12 და უმრავლესობის 93 წევრზე.

"საჭიროებისამებრ, მზად ვართ, მომავალში შევიტანოთ დამატებითი წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელევს შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ" - ამბობს კობახიძე.

საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 31 მარტიდან შეწყდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დაწესდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვები.

კომენტარები