რუსთავის საკრებულოს წევრების ნაწილი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ქართული ოცნების ერთერთი დეპუტატის დედას, რომელიც ეროვნული ბანკის თანამშრომელია, კორონავირუსი დაუდგინდა. მას Covid 19-ზე ტესტირება უტარდება.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ ქართული ოცნების წევრი, რომლის დედასაც კორონავირუსი დაუდგინდა, პარასკევს სხდომაზე იმყოფებოდა.
"მანამ, სანამ გავიგებდით, რომ დედამისი დაინფიცირებული იყო, გვითხრეს, რომ სიცხე აქვსო [ოცნების დეპუტატს]. მე გადავურეკე პირადად გუშინწინ და - ვმუშაობდი, გაოფლიანებული ვიყავი და ალბათ გავცივდი, სიცხე მაქვსო. არც მიმიქცევია ყურადღება, რადგან არ ვიცოდით დედამისის ამბავი... გუშინ დაგვირეკეს, რომ დაუდასტურდა დედამისს და თვითიზოლაციაში ვართ ყველა, ვინც ვიყავით სხდომაზე" - ამბობს დავით რეხვიაშვილი TV პირველთან საუბარში.
საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს აქვს დადასტურებული.