შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს UCKEBA-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით - "თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge".
"ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება" - აცხადებს შსს.
საქართველოში 31 მარტიდან კომენდანტის საათი მოქმედებს, რომლის დარღვევაც 3000 ლარით ჯარიმდება. ასევე, 3 000 ლარია ჯარიმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის - მიკროავტობუსით გადაყვანა, სამ ადამიანზე მეტი პირი მანქანაში, მძღოლის გვერდით ჯდომა, სამ პირზე მეტის შეკრება, დისტანციის დარღვევა, კარანტინის რეჟიმის ან თვითიზოლაციის წესის დარღვევა.