ევროპული საქართველო

ბაქრაძე: უკვე 3 კვირაა ვეხმარებით 350 ოჯახს, ზედმეტი პიარისა და საჯაროობის გარეშე

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, პარტია უკვე სამი კვირაა ეხმარება გაჭირვებულ ოჯახებს, კერძოდ კი მოხუცებს და მათთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სახლში მიაქვთ. 

ბაქრაძის თქმით, საუბარია 350 ოჯახზე, ამ პროექტში ჩართულები არიან მოხალისეები და თანხებს ევროპული საქართველოს დეპუტატები საკუთარი ხელფასებიდან იღებენ. მისივე თქმით, ამ პროგრამის საფასური კვირაში 10-12 ათასი ლარია. 

ბაქრაძე ქართული ოცნების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, მომდევნო სამი თვის განმავლობაში, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ.

"ოღონდ ამას ვაკეთებდით და მომავალშიც გავაკეთებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე. ამიტომ, ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელი და მკაფიოა, რომ სოციალური სოლიდარობა, ქველმოქმედება და გვერდით დგომა საჭიროებს კონკრეტულ პროგრამებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, ასეთ ნაბიჯებს ევროპული საქართველო დგამდა და მომავალშიც კრიზისის ამოწურვამდე დავეხმარებით ამ ოჯახებს ჩვენი სახსრებით. პარლამენტის წევრებიც დავდივართ მოხალისეებად ოჯახებში," - ამბობს ბაქრაძე.

ბაქრაძის თქმით, თუ რომელიმე პარტია და მათ შორის "პირველ რიგში მილიარდერის პარტია", გადადგამს ნაბიჯებს მეტი სოციალური სოლიდარობისკენ, ამას დადებითად შეაფასებენ. 

საქართველოში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დადასტურებული. 21 აპრილამდე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. 31 მარტიდან შეწყდა ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და დაწესდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვები.

კომენტარები