კორონავირუსი

კობახიძე: ოპოზიციასთან შევჯერდით, რომ საგანგებოს დასრულებიდან 2 კვირაში მივიღებთ ცვლილებებს

ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეთანხმდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან ორი კვირის ვადაში მიიღებს.

"ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და შევჯერდით ყველაზე მჭიდრო ვადებზე, რა ვადებშიც არის შესაძლებელი კონსტიტუციური კანონის მიღება, ეს არის დაახლოებით ორკვირიანი ვადა, როგორც კი ამოიწურება საგანგებო მდგომარეობა.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მალე დასრულდება შესაბამისი მოცემულობა, შესაბამისად, გვექნება იმის საშუალება, რომ ოპოზიციასთან ერთად, კენჭი ვუყაროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სტანდარტულ ვადებში ჩავატაროთ საპარლამენტო არჩევნები" - თქვა კობახიძემ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდეა გამოცხადებული, რის გამოც, კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა ავტომატურად შეჩერდა. 

8 მარტს დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებას და საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებას ითვალისწინებს, მანდატების 120/30-ზე თანაფარდობით. 

კომენტარები