კორონავირუსი და ეკონომიკა

გახარია ეკონომიკურ გუნდს პოსტკრიზისული საკრედიტო-საგარანტიო სქემების შემუშავებას ავალებს

მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის.

მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება.

გახარიას თანახმად, პროგრამის ფარგლებში აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაკეთდება, რის მაგალითადაც პრემიერ მინისტრს "აგარის შაქარი" მოჰყავს:

"ეკონომიკის სამინისტრომ უკვე წარმოადგინა გეგმა, რაც მოწონებულია მთავრობის მიერ და ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართული წარმოების განახლებაზე, მაგალითად ისეთ წარმოების, როგორიც არის „აგარის შაქარის“ თავიდან ამუშავება, რამეთუ სრულად შეცვლილია როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა არა მარტო ჩვენს ეკონომიკაში, არამედ რეგიონშიც, ამიტომ ისეთი წარმოებები, რომლებიც მაგალითად ეფექტურობის თვალსაზრისით რამდენიმე თვის წინ არ იყვნენ აქტუალურები, დღეს სხვა დატვირთვას იძენენ."

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის შესარბილებლად, მთავრობამ უკვე ორი დასახმარებელი პაკეტი წარადგინა, რომელთა ჯამური ღირებულება 3.2 მილიარდი ლარია. როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ეს ნაბიჯები მხოლოდ დასაწყისია და მოვლენათა განვითარებასთან ერთად მთავრობა გააგრძელებს შესაბამისი ზომების მიღებას.

 

კომენტარები