ცქიტიშვილი 20 ივნისზე: ყველა ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო მიზანმიმართული

საქართველოს მთავრობა

ვიცე პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება სპეცრაზმელებმა ინდივიდუალურად მიიღეს და რომ ეს არ ყოფილა შინაგან საქმეთა მინისტრის, მისი მოადგილის ან განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელს დავალება.

"ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რომ პოლიციელებზე მიმდინარეობდა მიზანდასახული შტურმი. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავდით, როგორ იტაცებდნენ პოლიციელებს დაცვის ზოლიდან, როგორ ართმევდნენ მათი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს. ძალიან ბუნებრივი იყო ის რეაგირება, რომელიც აღნიშნული პოლიციელების მხრიდან განხორციელდა.

რა თქმა უნდა, სამწუხარო იყო, რომ ამ რეაგირებას ცალკეულ შემთხვევებში ტრაგიკული გამოვლინებები მოყვა, რომელსაც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანება ჰქვია, მაგრამ ყველანი ვხედავდით, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ ატარებდა მიზანდასახულ ხასიათს. ეს არ იყო მინისტრის ან მისი მოადგილის, ან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, ეს იყო იმ პოლიციელების გადაწყვეტილება, რომლებზეც მიმდინარეობდა შტურმი, რომელთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა აღმოჩნდა რისკის წინაშე", - თქვა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე პრემიერი სახალხო დამცველის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლითაც გაირკვა, რომ გახარია და მისი მოადგილეები 20-21 ივნისის ღამეს რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფენ.

ომბუდსმენმა 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე მასალების შესწავლის და 625 ადამიანის: აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების, კლინიკების ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სამართალდამცავების გამოკითხვის შეადგინა. დოკუმენტის მიხედვით, მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას და მისი მოადგილეების: კახაბერ საბანაძის და ვლადიმერ ბორცვაძის ჩვენებების თანახმად, ცრემლსადენი გაზის ჭურვებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მათი ბრძანებით მოხდა, "ხოლო რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუციათ".

გავრილოვის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ და მისი მასპინძლის, ირაკლი კობახიძის გადადგომას მოითხოვდნენ, წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სპეცრაზმმა აქციის დარბევის შემდეგ მომიტინგეებზე ნადირობა გამოაცხადა - მიზანმიმართულად ესროდნენ როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე ჟურნალისტებს. იმავე ღამეს კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი; დაშავდა 38 ჟურნალისტი; დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი; 2-მა მოქალაქემ, მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგეს. აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

2019 წლის 11 ივლისს, ტვ პირველის ეთერში კითხვის პასუხად, ვინ გასცა 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის ბრძანება, მაშინდელმა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ თქვა, რომ მან გასცა ბრძანება, პოლიციას გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები.

კომენტარები