კორონავირუსი და ეკლესია

რუსეთის ეკლესიაში, შესაძლოა, აღდგომის ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდეს, მრევლს არ აზიარებენ

govoritmoskva.ru

ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, შესაძლოა, ღვთისმსახურება მრევლის გარეშე ჩატარდეს. ამასთან, მრევლს დროებით არ აზიარებენ. 

ამის შესახებ მიტროპოლიტმა ილარიონმა Jesus-portal.ru-ზე პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი ალბათობით, მრევლს მოუწევს, პატრიარქის სააღდგომო ლიტურგია ტელევიზიების საშუალებით მოისმინოს. 

"ვფიქრობ, ჩვენ სპეციალურად მოვიფიქრებთ წმინდა სინოდის ფარგლებში, როგორ შევხვდებით ვნების შვიდეულსა და აღდგომას ამ ვითარებაში. ჩვენ გავცემთ რეკომენდაციებს და ისინი გახმაურდება. თუმცა, ჩვენ ჯერ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ შესაძლოა, ბევრ ჩვენგანს მოუწიოს იმით შემოიფარგლოს, რომ პატრიარქის ღვთისმსახურებას ცენტრალური ტელევიზიებით ვუყუროთ, ეკლესიაში მისვლას კი ვერ შევძლებთ. რა თქმა უნდა, იქნება აღდგომის ლიტურგია, პასკებს ვაკურთხებთ,"- თქვა მიტროპოლიტმა. 

მანვე განმარტა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ცოტა ხნით ზიარების საიდუმლოს აღსრულება შეწყდება, თუმცა ეკლესია იმუშავებს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. 

მიტროპოლიტმა ილარიონმა აღნიშნა, რომ პატრიარქი კირილი აღდგომის წინ მრევლს მიმართავს და აუხსნის, პანდემიის პირობებში როგორ მოხდება ღვთისმსახურება. 

"მე ვფიქრობ, რომ ვნების შვიდეულის კვირამდე ჩვენ, სავარაუდოდ, მოგვმართავს უწმინდესი პატრიარქი და მოგვიყვება, როგორ ჩატარდება ღვთისმსახურება, იქნება, თუ არა შესაძლებლობა, რომ დაიშვას ადამიანების შეზღუდული რაოდენობა წირვაზე, თუ საერთოდ არ იქნება იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანები დაესწრონ. ეს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული,"- თქვა მიტროპოლიტმა.

29 მარტს რუსეთის პატრიარქმა კირილმა მრევლს მოუწოდა, თავი შეიკავონ ეკლესიაში მისვლისგან. 17 მარტს კი მოსკოვის საპატრიარქომ ზიარების წესი ნაწილობრივ შეცვალა და თითოეული ადამიანის ზიარების შემდეგ, კოვზს სპირტით წმენდნენ. 

15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს საპატრიარქო მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაშია - არც წირვებს წყვეტს და არც ზიარების წესს ცვლის. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი (21:00 - 09:00) და სამ ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება, ზოგიერთი მღვდელი ამბობს, რომ საგანგებო სიტუაცია ეკლესიებს არ ეხება და აღდგომის ღამესაც ლიტურგიის ჩატარებას ჩვეულებისამებრ აპირებენ.

დეკანოზ შალვა კეკელიას თქმით, აღდგომის ღამეს ხალხი ტაძრებში, 21:00 საათზე მივა და დილამდე დარჩება. 

საპატრიარქომ დღეს ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება. 

კომენტარები