კორონავირუსი და ეკონომიკა

თურნავა: ჩვენი მთავარი ამოცანა იმპორტის ჩამნაცვლებელი ბიზნესის განვითარება იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა იზრუნებს, იმპორტული პროდუქცია ადგილობრივით ჩაანაცვლოს.

"ეხლა ჩვენი მთავარი პოსტკრიზისული ამოცანა იქნება, პირველ რიგში, განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი, ინდუსტრიები, ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით." - ამბობს თურნავა.

მისი თქმით, "პროგრამა აწარმოე საქართველოში სრულად გადაეწყობა ამ ახალ ამოცანებზე" და გაფართოვდება მთავრობის საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რათა გადარჩეს "ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი.

თურნავას თქმით, აქამდე ეს სქემა აქტუალური იმიტომ არ ყოფილა, რომ "ეკონომიკა ვითარდებოდა ძალიან მაღალი ტემპით" და ბანკებიდან სესხის მოზიდვა პრობლემას არ წარმოადგენდა.

"პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სწორედ კრიზისის დროს, ასეთი ტიპის მექანიზმები, როცა სახელმწიფო გვერდში უდგება ბიზნესს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს თავისი მდგრადობა და შეძლოს დაფინანსების მოზიდვა, არის უფრო აქტუალური," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს დაავალა, დაიწყონ მუშაობა პოსტკრიზისული ეტაპის საკრედიტო საგარანტიო სქემებისთვის.

როგორც პრემიერმინისტრი ამბობს, ამ მიმართულებით პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარების მობილიზება იქნება შესაძლებელი, სქემის ჯამური ღირებულება კი 2 მილიარდი ლარი იქნება.

გახარიას თანახმად, პროგრამის ფარგლებში აქცენტი ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე გაკეთდება, რის მაგალითადაც პრემიერ მინისტრს "აგარის შაქარი" მოჰყავს.

კომენტარები