კორონავირუსი საქართველოში

ბაქრაძე: მზად ვართ, დავეხმაროთ ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე სრულად ოპოზიციური სპექტრის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიმართვას ეხმაურება. ოპოზიციურმა პარტიებმა ხელისუფლებას მხარდაჭერა გამოუცხადეს და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისისგან თავის დასაღწევად დახმარება სთხოვეს. 

ბაქრაძის შეფასებით, "ეს არის პასუხისმგებლიანი ოპოზიციის ქცევის ახალი სტანდარტი" და მიუხედავად უმწვავესი პოლიტიკური დაპირისპირებისა, ოპოზიცია მზად არის, დაეხმაროს ხელისუფლებას უცხოელ დონორებთან მუშაობაში, რათა ქვეყანაში მეტი დახმარება შემოვიდეს.

"ყველას კარგად გვესმის, რომ უცხოური დახმარებების და შიდა ეკონომიკური რესურსების მობილიზაციის ერთდროული პაკეტის გარეშე, ჩვენი ეკონომიკა ვერ შეძლებს კრიზისიდან გამოსვლას და ამის შედეგად ათობით ათასი ოჯახის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, ყველა ჩვენი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი დახმარება შემოვიდეს საქართველოში და მეტ ადამიანს დავეხმაროთ და ნებისმიერი უცხოელი დონორისთვის ასეთი წერილი არის იმის სიგნალი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოში არსებობს ეროვნული თანხმობა და ქვეყნის დახმარება არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი,"- თქვა დავით ბაქრაძემ. 

საერთაშორისო პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის დახმარების თხოვნით 3 აპრილს 23-მა ოპოზიციურმა პარტიამ, თუ სამოქალაქო მოძრაობამ ღია წერილი გაავრცელა

"საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და როგორი კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ მათ მიმართ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ამ მცდელობაში. ჩვენი ქვეყნის საერთო და სასიცოცხლო ინტერესია, მიიღოს ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებას, როგორც დღევანდელს, ასევე არჩევნების შემდეგ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნების შესაბამისად ფორმირებულ მთავრობას, მისცემს მძიმე ეკონომიკური და სოციალური კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები