Covid-19-ის პანდემიის გამო Airbn-ის ღირებულება 16%-ით დაეცა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, უძრავი ქონების მოკლევადიანი ქირაობის სერვისის, Airbnb-ის საბაზრო ღირებულება 16%-ით 26 მილიარდ დოლარამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. 

ვირუსის ფართო გავრცელების ფონზე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა, მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რიცხვიც. სტარტაპის ფინანსირების ბოლო ეტაპი 2017 წელს განხორციელდა, მაშინ ინვესტორებმა კომპანიის განვითარებისთვის 1 მილიარდი დოლარი გაიღეს. ამის შემდეგ კომპანია 31 მილიარდ დოლარად ფასდებოდა. 

გასული წლის სექტემბერში კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ 2020 წელს კომპანია აქციებს საფონდო ბირჟაზე განათავსებდა. ჯერჯერობით გეგმების შეცვლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. 

კომპანიის საბაზრო ღირებულების შესახებ ინფორმაცია პირველად Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიის წარმომადგენლები თანხების მოზიდვის მიზნით ინვესტორებთან მოლაპარაკეკებს მართავენ. ცნობილია, რომ კომპანია მოლაპარაკებებს მართავდა ბანკებთან 1 მილიარდიანი საკრედიტო ხაზის დამტკიცების შესახებ.

მარტის ბოლოს კომპანიამ განაცხადა, რომ გაუქმებული ჯავშნებისგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად პლატფორმის მონაწილეებს 250 მილიონ დოლარს გადაუხდიდა. 

კომპანიას ფინანსური პრობლემები ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე ჰქონდა. 2019 წელს კომპანიამ 322 მილიონი დოლარი იზარალა. 

კომენტარები