უზენაესი სასამართლო

საია კიკილაშვილის დანიშვნაზე: დაჩქარება უარყოფითად აისახება სასამართლოების მიმართ ნდობაზე

ბათუმელები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლედ ხვიჭა კიკილაშვილის დანიშვნას ეხმაურება. 

"გადაწყვეტილების საგანგებო მდგომარეობის პირობებში, დაჩქარებული და გაუმჭვირვალე პროცესით მიღებამ გამორიცხა, როგორც კანდიდატზე საჯარო მსჯელობა (მისი ვინაობა მხოლოდ კენჭისყრაზე გახდა ცნობილი), ისე დანიშვნის მიმდინარეობის სამოქალაქო კონტროლი. ეს უარყოფითად აისახება სასამართლო ხელისუფლების ორი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების, მიმართ ნდობაზე", - წერია საიას განცხადებაში.  

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ხვიჩა კიკილაშვილი დღეს, 3 აპრილს დანიშნა. ის ამ დრომდე თბილისის სააპელაციოს სასამართლოს მოსამართლე იყო, 2019 წლამდე - ხელვაჩაურის რაიონალური სასამართლოს თავმჯდომარე.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც მაია კოპალეიშვილს 2019 წლის 4 დეკემბერს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება უნდა მოხდეს "საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა".

შესაბამისად, უზენაეს სასამართლოს ახალი მოსამართლის დანიშვნის ვადა 24 ნოემბერს ამოეწურა და ახალი მოსამართლე დაგვიანებით დანიშნა. 

უზენაესი სასამართლოს პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის შესახებ თავდაპირველად 31 მარტს უნდა ემსჯელა, თუმცა ერთი დღით ადრე უზენაეს სასამართლოს სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლებმა და საია-მ მიმართეს და მოუწოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე დანიშვნის პროცესი შეეჩერებინათ. 

სამართლის აკადემიის სფეროს წარმომადგენლები უზენაესი სასამართლოსთვის მიწერილ ღია წერილში წერდნენ, რომ სასამართლო ბოროტად იყენებდა არსებულ საგანგებო ვითარებას და ყოველგვარი საზოგადოებრივი კონტროლისგან თავის არიდებით ცდილობდა, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნას.

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა გადაიდო, თუმცა 2 აპრილს ის კვლავ ჩაინიშნა.

კომენტარები