კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: დღეს კორონავირუსზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა - ყველა პასუხი უარყოფითია

მარიამ ნიკურაძე/OC Media

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს საავადმყოფოში COVID-19-ზე ტესტირება 16 პაციენტს ჩაუტარდა - ყველას პასუხი უარყოფითია.

"უცვლელი სიტუაცია გვაქვს. 148 დადასტურებული შემთხვევა რჩება აქამდე. ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევაა და რჩება უცვლელად", - თქვა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოდან ლუგარის ლაბორატორიაში 8 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი და მათი პასუხი ხვალ, 4 აპრილს, დილით იქნება ცნობილი. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 27 პირი.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები