რუსეთი

მოსკოვის მერი მოსახლეობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემის წინააღმდეგ გამოვიდა

მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო მოსახლეობისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარების გაცემის წინააღმდეგ გამოვიდა. 

სობიანინის აზრით, რუსეთის ბიუჯეტს შესაბამისი რესურსი არ გააჩნია. "მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, რომ პირდაპირ ბიუჯეტიდან უნდა გავცეთ ფინანსური დახმარება ყველასთვის. ბიუჯეტი გაირღვევა, შეუძლებელი გახდება ჯანდაცვის სისტემის ფინანსირება და ა.შ.", — განაცხადა სერგეი სობიანინმა. 

ამასთანავე, მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მხარს დაუჭერს რთულ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და ბიზნესს. ამასთანავე, სობიანინმა ბიზნესს მოუწოდა გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა. 

"ამ წუთას არ არის საუბარი, რომ ყველანაირი ბიზნესი 6 თვით გაჩერდება. ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ ერთ თვეზე. მე ვფიქრობ ბიზნესის უმრავლესობას აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ფინანსურად უზრუნველყოს ადამიანები, რომლებიც ამ დროისთვის არ მუშაობენ", — განაცხადა სობიანინმა. 

25 მარტს ვლადიმერ პუტინმა 30 მარტიდან 5 აპრილამდე კვირა უქმედ გამოაცხადა. 2 აპრილს კი პუტინმა უქმეები 30 აპრილამდე გაახანგრძლივა და ამასთანავე დაავალდებულა საწარმოები გადაუხადონ ხელფასი თანამშრომლებს. 

უქმედ გამოცხადებული თვის გამო რუსეთის ბიუჯეტმა შესაძლოა მშპ-ს 2,5 იზარალოს. რუსეთში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსის 4,149 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 34 პაციენტი.

კომენტარები