ჩეხეთი - რუსეთი

პრაღაში იმ საბჭოთა მარშალის ძეგლი აიღეს, ვინც ქალაქში წითელ არმიას შემოუძღვა

3 აპრილს პრაღაში საბჭოთა კავშირის მარშალის ივან კონევის ძეგლი აიღეს. კონევს ძეგლი ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმის დროს, 1980 წელს აღმართეს.

2019 წელს პრაღის საოლქო ასამბეამ ძეგლის აღების გადაწყვეტილება მიიღო.

"მარშალ ივან კონევის ძეგლის დემონტაჟს რუსული მხარის შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ," - ასე გამოეხმაურნენ რუსეთის საელჩოში ძეგლის აღებას.

გასულ წლებში ძეგლი არაერთხელ დააზიანეს, შეასხეს საღებავი და ა.შ. ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოს ზემანმა, რომელიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩევა, თქვა, რომ კონევის ძეგლი ადგილზე უნდა დარჩენილიყო.

ჩეხეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ამ ადგილას პრაღის აჯანყების მებრძოლების საპატივცემულოდ ახალ ძეგლს აღმართავენ, რომლებმაც ქალაქი ნაცისტებისგან მეორე მსოფლიო ომის დასასრულს გაათავისუფლეს მანამ, სანამ კონევი საბჭოთა ჯარით მოვიდოდა.

მარშალი ივან კონევი წითელ არმიას უძღვებოდა, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში 1945 წლის 9 მაისს შევიდა. კონევი 1956 წლის უნგრეთის აჯანყების ჩახშობაში მონაწილეობდა, 1961 წელს ბერლინის კედლის მშენებლობის დროს ის აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარს ხელმძღვანელობდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ კონევი 1968 წელს პრაღის გაზაფხულის დროს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ძალების შემოჭრის დაგეგმვაშიც მონაწილეობდა. 

შეგახსენებთ, რომ 2007 წელს ესტონეთის დედაქალაქ ტალინის ცენტრიდან წითელი არმიის ჯარისკაცის ძეგლი აიღეს. გადაწყვეტილებას ტალინში პროტესტი მოყვა. ამავე წელს რუსეთმა ესტონეთზე კიბერთავდასხმა განახორციელა.

კომენტარები