კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე სამედიცინო პერსონალის ეკიპირებაზე: ჯერ გვყოფნის, 1-2 კვირა გვეყოფა

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ტენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ეკიპირება ჯერჯერობით საკმარისია და 1-2 კვირა ეყოფათ. 

"ჯერჯერობით საკმარისია. ჯერ აქვთ ყველას, ვისაც უნდა ჰქონდეთ. თუმცა, რეზერვი არ არის საკმარისი. შესაძლოა, თუ ვერ შევავსეთ ეს რეზერვი, ხვალ დადგეს ის დღე, რასაც თქვენ ამბობთ [არ იყოს საკმარისი]. [...] ჯერ ამის გამო არაფერი დაშავებულა. ჯერ გვყოფნის, ასე ვიცი, რომ 1-2 კვირა გვეყოფა. თუ ვერ შეავსეს, მერე დადგება მწვავედ პრობლემა", - თქვა ცერცვაძემ ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმას, რომ საქართველოში სამედიცინო ეკიპირება ჰყოფნით, ისიც ადასტურებს, რომ COVID-19-ით ამ დრომდე 2 ჯანდაცვის მუშაკი დაინფიცირდა.  

ქვეყანაში COVID-19-ით იფიცირების 155 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 28 პირი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5 526 პირია, სტაციონარში - 344.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები