კორონავირუსი საქართველოში

ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ, წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 74 მოქალაქემ დატოვა. მათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაიარეს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სასტუმროს დატოვებამდე, მოქალაქეები ექიმებმა შეამოწმეს. ისინი გააფრთხილეს, რომ დაიცვან როგორც საგანგებო მდგომარეობის პირობები, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები - დარჩნენ სახლებში და საცხოვრებელი აუცილებელი შემთხვევის გარეშე არ დატოვონ.

"ვულოცავთ 74-ვე ადამიანს, რომლებიც წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ და დღეს სრულიად ჯანმრთელები ოჯახებს დაუბრუნდნენ. ამ ადამიანების ტრანსპორტირება მერიამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ უზრუნველყო და ჩვენ მათ დიდ მადლობას ვუხდით.“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 156 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. აკრძალულია სამ პირზე მეტის შეკრება, შეწყვეტილია ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, გადაადგილება მხოლოდ პირადი მანქანით, ან ტაქსით არის შესაძლებელი, რომელშიც მაქსიმუმ სამი მგზავრი იქნება. დაიკეტა ყველა სავაჭრო დაწესებულება სასურსათო ობიექტების, აფთიაქების, ბანკების, ფოსტის გარდა. 21:00-დან 06:00-მდე ქვეყანში კომენდანტის საათი მოქმედებს. მკაცრ საკარანტინო რეჟიმშია მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტები.

კომენტარები