კორონავირუსი და ეკლესია

თავდემები ხელისუფლებას: თანაბრად განავრცეთ შეზღუდვები მართლმადიდებელ ეკლესიაზეც

პარტია თავისუფალი დემოკრატები ხელისუფლებას მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვები თანაბრად განავრცოს ყველაზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების აღსრულებაზე.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ეფექტურად დაცვისთვის, საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობა ხელისუფლებას ნებას რთავს, შეზღუდოს მათი რეალიზება:

"ვინაიდან კორონა ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ზომად მთელ მსოფლიოში ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტის მაქსიმალურად შეზღუდვაა მიჩნეული და სწორედ ასეთ შეზღუდვებს ითვალისწინებს საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაც, ხელისუფლება ვალდებულია ეს შეზღუდვები თანაბრად და სრულფასოვნად გაავრცელოს მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფ ყველა სუბიექტზე, მათ შორის, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებლური ღვთისმსახურების განხორციელების პროცესზეც, რათა გადაარჩინოს ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა,"-ვკითხულობთ განცხადებაში.

პარტია აღნიშნავს, რომ "შექმნილ სიტუაციაში ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოადგენს ხელისუფლების უპირველეს პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე".

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საქართველოში მოქმედი საყოველთაო შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არც წირვებს წყვეტს და არც მრევლის ერთი კოვზით ზიარების წესს ცვლის. ის მართლმადიდებელი ეკლესიების უმცირესობაშია: 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-მა წირვების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 3 აპრილს საპატრიარქომ ახალი რეკომენდაციები გასცა, რაც ეკლესიაში დისტანციის დაცვას, ხატების გაწმენდას და ლოცვების დაწყების დროის ცვლილებას ეხება.

კომენტარები