კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსით გარდაცვლილზე: მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა, მოსალოდნელი იყო

ტაბულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ 79 წლის ქალს “საკმაოდ მძიმე თანხმლები დაავადებები” ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე კრიტიკულად შეფასდა და მისი გარდაცვალება “გარკვეულწილად მოსალოდნელი იყო”. გამყრელიძის თქმით, ქალი “ბოლნისის კლასტერს” მიეკუთვნება და მას ინფექცია წლისთავზე მყოფმა ადამიანმა გადასდო.

“გართულებები გახლავთ მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა.

მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ძირითადი პროცენტი მოდის ხანდაზმულ ასაკზე და როგორც წესი, ყოველთვის კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად, გახლავთ გარკვეული თანხმლები დაავადებები. ამ პაციენტთან იყო საკმაოდ მძიმე თანხმლები დაავადებები - დილატაციური კარდიომიპათია, გულის უკმარისობა მეოთხე ხარისხის, არტერიული ჰიპერტენზია მესამე ხარისხის, ზომიერი პულმონური ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია” - თქვა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩში, სადაც პაციენტი დაინფიცირდა, კორონავირუსის ხუთი შემთხვევაა დადასტურებული.

“ეს ქალბატონი არის კონტაქტირებული ადამიანებთან, რომელიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან საქართველოში და ამ სოფელში ერთერთ სარიტუალო სუფრაზე გახლდნენ. ასევე, შემდგომ რელიგიური დღესასწაული მიმდინარეობდა ამ პერიოდში და აქედან, ერთერთმა გადასდო ამ ქალბატონს, რომელიც არის ნათესავი იმ პირველი ინფიცირებულის. ანუ ამ შემთხვევაში ჯაჭვი ინფექციის განვითარებისა, სრულად ცნობილია” - თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით სულ 167 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა, 1 - გარდაიცვალა.

კომენტარები