დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია

ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერი კირ სტარმერი გახდა

კირ სტარმერი

გაერთიანებული სამეფოს ოპოზიციას ახალი ლიდერი ჰყავს - ლეიბორისტული პარტიის ლიდერის არჩევნები სერ კირ სტარმერმა მოიგო.

პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლის ბოლო ეტაპზე მისი კონკურენტები რებეკა ლონგ-ბეილი და ლიზა ნენდი იყვნენ. სტარმერმა პარტიის წევრების ხმების 56.2% მიიღო და პირველივე ტურში გაიმარჯვა. მეორე ადგილზე ლონგ-ბეილი გავიდა ხმათა 27.6%-ით, ხოლო ნენდიმ 16.2%-იანი მხარდაჭერა მიიღო.

სტარმერი 2015 წლიდან პარლამენტში ცენტრალური ლონდონის ოლქს, ჰოლბორნსა და სენტ პანკრასს წარმოადგენს. ევროკავშირის დატოვების თაობაზე 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ ის ბრექსიტის ჩრდილოვანი მდივანი იყო. პოლიტიკაში წასვლამდე კირ სტარმერი იურისტი და საჯარო მოხელე იყო. ამ საქმიანობისთვის მან 2014 წელს სერ-ის წოდებაც მიიღო.

ახალი ლიდერის არჩევა ლეიბორისტებს მას შემდეგ დასჭირდათ, რაც 2019 წლის 12 დეკემბრის ვადამდელ არჩევნებზე პარტიამ 1935 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, რასაც წინა ლიდერის, ჯერემი კორბინის გადადგომა მოჰყვა.

პარტიამ პირდაპირი წესით აირჩია ლიდერის მოადგილეც - ამ თანამდებობას ანჯელა რეინერი დაიკავებს.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო 4 აპრილისთვის დაგეგმილი პარტიის საგანგებო ყრილობა არ ჩატარებულა და კანდიდატებმა გამარჯვების სიტყვა წინასწარ ჩაწერეს სახლებში.

კირ სტარმერმა უკვე განაცხადა, რომ ის დათანხმდება პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის შეთავაზებას, რომელმაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებს კორონავირუსის საგანგებო ვითარებაზეერთად სამუშაოდ უხმო.

კომენტარები