კორონავირუსი და ეკონომიკა

აშშ-ის ეკონომიკამ შესაძლოა II მსოფლიო ომის მერე ყველაზე მკვეთრი დაღმასვლა განიცადოს

Getty Images

ამერიკული საინვესტიციო ბანკის, Morgan Stanley-ს ეკონომისტების პროგნოზით, 2020 წელს აშშ-ის ეკონომიკა წინა წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდება. ამგვარი დაღმასვლა ამერიკის ეკონომიკას მე-2 მსოფლიო ომის მერე არ განუცდია.

ყველაზე ცუდი სცენარით, აშშ-ში წლის მეორე კვარტალში 40 მილიონი ადამიანი დაკარგავს სამუშაო ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის სამუშაო ძალის მეოთხედი უმუშევარი დარჩება.

საინვესტიციო ბანკში ელოდებიან, რომ მეორე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.7%-ს მიაღწევს. ეკონომისტების პროგნოზის თანახმად, აშშ-ის ეკონომიკა 2020 წლის მესამე კვარტალში დაიწყებს გაჯანსაღებას, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, დანაკარგის მხოლოდ მესამედი თუ იქნება ანაზღაურებული.

გასული ორი კვირის განმავლობაში, უმუშევრობის შემწეობა დაახლოებით 10-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვდა, რაც აქამდე უპრეცედენტო მაჩვენებელია.

Morgan Stanley-ს ეკონომისტების პროგნოზით, აშშ-სთვის ყველაზე დიდი რისკი ინფექციის მეორე ტალღაა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მას შემდეგ, რაც აპრილის შუაში აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებზე პიკი გადაივლის.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 278 537 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, დაახლოებით 10 000 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 7000-ზე მეტი გარდაიცვალა.

 

კომენტარები