ნავთობის ბაზარი

აშშ და კანადა რუსეთისა და საუდის არაბეთის ნავთობზე ტარიფების დადებას განიხილავენ

Reuters

თუ რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის ფასების ომს არ შეწყვეტენ, აშშ-მ და კანადამ შესაძლოა მათ ნავთობს ტარიფები დაადოს.

Financial Times-ის ცნობით, კანადის ალბერტას პროვინციის პრემიერმა, ჯეისონ კენედიმ განაცხადა, რომ ამერიკულ მხარესთან მას უკვე ჰქონდა საუბარი ტარიფების შესახებ თუ შეთანხმება არ მიიღწევა.

ნავთობის ფასებთან დაკავშირებით, 2 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით რუსეთი და საუდის არაბეთი მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდებოდნენ. 

ტრამპის განცხადება დადებითად აღიქვა ბაზარმა და უკვე მესამე დღეა, ნავთობზე ფასები იზრდება. წინააღმდეგობის საკითხს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების ტემპი წარმოადგენდა. 

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე შემცირებული მოთხოვნის გამო, საუდის არაბეთი მოპოვების კიდევ უფრო შემცირების ინიციატივით OPEC-ის სხდომაზე გამოვიდა. წინადადების წინააღმდეგ წავიდა რუსეთი, რასაც ძველი შეთანხმების ჩამოშლა მოყვა. 

ამრიგად, რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის 2016 წელს დადებული ხელშეკრულებამ მოქმედება პირველ აპრილს შეწყვიტა, რის შემდეგაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების ანტირეკორდი გაიმეორა.

2 აპრილს რუსული ნავთობის ფასი 10,5 დოლარამდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნავთობის ასეთ ფასზე რუსეთის ბიუჯეტი ვერანაირ სარგებელს ვერ იღებს. რუსი მაღალჩინოსნების აზრით კი რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩაშლილი შეთანხმების მოქმედების პირობებში აშშ-ის ფიქლის ნავთობის ინდუსტრია სწრაფი ტემპებით იკავებდა ახალ ბაზრებს.

კომენტარები