კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: არ გამოვრიცხავ, გამოჯანმრთელებულის პლაზმით მკურნალობის მეთოდი ჩვენთანაც დაინერგოს

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობის ეფექტურობას აღიარებს, ეს მეთოდი, შესაძლოა, საქართველოშიც დაინერგოს. 

გაბუნიას თქმით, ამ მეთოდს მსოფლიოში საწყისი აღიარება აქვს.

"მისი ეფექტურობა დამაიმედებელ მოლოდინს იძლევა. ამგვარად, თუ ამას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღიარებს, მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენი კლინიცისტებიც ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან და ამ მეთოდის გამოყენება შესაბამისი პროტოკოლის ფარგლებში ჩვენთანაც გახდეს შესაძლებელი [...] როგორც კი იქნება მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, ჩვენი ექიმების გუნდი მიყვება ყველა საერთაშორისო სიახლეს, ამის დანერგვაზე იმუშავებენ და იფიქრებენ", - თქვა გაბუნიამ.

გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმით მკურნალობაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, მძიმე პაციენტებთან ამ მეთოდის გამოყენებაზე ქართველი ინფექციონისტები ფიქრობენ. 

საქართველოში კორონავირუსის 159 შემთხვევაა დადასტურებული. 159 ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები