კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: ზოგიერთ ქვეყანაში ექიმს მთელი დღე 1 პირბადე აქვს, ჩვენ აქამდე არ ვართ მისული

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ეკიპირების ორი კვირის მარაგია დარჩენილი. მისივე თქმით, ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებს მთელი დღის განმავლობაში 1 პირბადე აქვთ, საქართველოში კი ასეთი სიტუაცია არ არის.

"ფეხდაფეხ მივყვებით მარაგებს, უბრალოდ გვიჭირს სწრაფად შესყიდვები. თუმცა, მაინც ხერხდება და ივსება ეს მარაგები. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ პერიოდის შემდეგ გვექნება საშუალება, რომ წინსწრებით შევქმნათ მარაგები. ზოგიერთი ქვეყანა იმდენად რთულ მდგომარეობაშია, რომ ექიმს მთელი დღის განმავლობაში ერთი ნიღაბი აქვს. ჩვენ აქამდე ჯერ-ჯერობით, რა თქმა უნდა, არ ვართ მისული. იმედი მაქვს, რომ არც მივალთ", - თქვა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მძიმე ეკიპირება, როგორიც არის კომბინიზონი, სათვალე, ნიღაბი, N95 რესპირატორი, ყველას არ სჭირდება და ისინი რაციონალურად და მიზნობრივად უნდა გამოიყენონ.

გუშინ, 3 მარტს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ სამედიცინო პერსონალის ეკიპირების 2 კვირს მარაგია დარჩენილი, თუმცა რეზერვი საკმარისი არ არის და თუ არ შეივსება, მწვავე პრობლემა იქნება. 

საქართველოში კორონავირუსის 159 შემთხვევაა დადასტურებული. 159 ადამიანიდან გამოჯანმრთელებულია 31 პირი. დღეს, 4 აპრილს, 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები