კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: გვაქვს პროგნოზი, რომ სტაციონარებში შეგვიძლია ვმართოთ 3 500-მდე ინფიცირებული

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არსებული პროგნოზით, სტაციონარებში ჯამში 3 500-მდე კორონავრიუსით ინფიცირებული პაციენტის მართვაა შესაძლებელი. 

"ჩვენ ამ ეტაპზე კორონავირუსის მართვაში ჩართული გვყავს უკვე 20 საავადმყოფო, ცხელებს კლინიკებში ჩვენ ვთვლით, რომ ჩაერთვება დამატებით 40 ჰოსპიტალი რეგიონებიდან და დაავადების მატებასთან ერთად კიდევ გვაქვს რესურსი, რომ ჩავრთოთ 15 დამატებითი ჰოსპიტალი. საერთო ჯამში გვაქვს პროგნოზი, რომ შეგვიძლია ვმართოთ 3 500-მდე კოვიდინფიცირებული სტაციონარში საშუალო და რთული შედეგებით", - თქვა ტიკარაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში. 

მისივე თქმით, პროგნოზის მიხედვით, საკარანტინო ზონებში 5 000-ზე მეტი პაციენტი მართვაა შესაძლებელი. 

"აქედან გამომდინარე ის საშუალო რიცხვი, რომელიც საქართველოს დღეს შეუძლია მართოს, არის 10 000-მდე, თუმცა ჩვენი ჰოსპიტლების რესურსიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი საწოლის დატვირთვა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებით", - თქვა ტიკარაძემ. 

ტიკარაძის თქმით, საქართველოში 15 000-მდე საწოლია. მისივე ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო იმ ექიმების მობილიზაციასა და ტრენინგზე მუშაობს, რომელთა ჩართვა შესაძლოა საჭირო გახდეს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში.

ქვეყანაში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეს, 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები