კორონავირუსი საქართველოში

ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რა როლი ექნება ოჯახის ექიმს COVID-19-თან ბრძოლაში

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივ მაუწეყებელთან ინტერვიუში განმარტავს, თუ რა როლი ექნება ოჯახის ექიმს კორონავირუსთან ბრძოლაში. 

ტიკარაძის განმარტებით, პაციენტმა საეჭვო სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, 112-ში უნდა დარეკოს. მას რეგიონის მიხედვით ოჯახის ექიმთან დააკავშირებენ. მინისტრის თქმით, გამოკითხვისა და ანამნეზის შეგროვების შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა შემდგომი ნაბიჯი უდნა გადაიდგას - პაციენტი უნდა გადაიყვანონ კარანტინში თუ გადაამისამართონ სტაციონარში.

"ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იქნება განხორციელებული შემდეგი უკუზარი პაციენტთან, რის შემდეგაც მასთან მივა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხდება იზოლირებულად ამ პაციენტის გადაყვანა შესაბამის ლოკაციაზე. ამის შემდეგ დაიწყება პაციენტის კვლევაც და სათანადო მკურნალობაც. ამ ჯაჭვის მსგავსად განხორციელება არის მნიშვნელოვანი, რადგან, როგორც ჩვენთვის ცნობილია, კოვიდინფექციის გავრცელების სისწრაფე არის საკმაოდ ინტენსიური. ჩვენ გვინდა, ავარიდოთ სიმპტომიანი პაციენტების გადაადგილება და ასევე ჩვენ გვინდა, ავარიდოთ სიმპტომიანი პაციენტების ოჯახში დარჩენა, თუ მათ არ აქვთ იზოლაციის საშუალება", - თქვა ტიკარაძემ. 

ეკატერინე ტიკარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პიკს აპრილის მეორე ნახევრისთვის ელოდებიან. 

საქართველში კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 36 ადამიანი გამოჯანმრთელდა. დღეს, 4 აპრილს, კორონავირუსით 1 ადამიანი - 79 წლის ქალი გარდაიცვალა.  

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები