ეკლესია და კორონავირუსი

დეკანოზი ჯაღმაიძე: წინ ბევრი დღესასწაულია, პატრიარქი წირვას 7 აპრილს ჩაატარებს

პატრიარქი ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, პატრიარქი ილია II წირვას 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე ჩაატარებს.

დღეს, 5 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქი არ ესწრებოდა. ილია II, მოსაყდრე შიო მუჯირთან ერთად, წირვას რეზიდენციის ეზოში მდებარე ტაძარში დაესწრო. სამებაში არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა იქადაგა.

"წინ ბევრი დღესასწაულია, არაფერი განსაკუთრებული [მიზეზი არ ყოფილა]" - უთხრა დეკანოზმა ანდრია ჟაღმაიძემ ტაბულას. 

პატრიარქი სამებაში არც გასულ კვირას იმყოფებოდა, ის ბოდბის დედათა მონასტერში იყო.

სამებაში, ისევე, როგორც სხვა ტაძრებში, საკვირაო წირვა ჩატარდა. ათობით მორწმუნე ტაძარში დისტანციის დაცვას ცდილობდა, თუმცა ისინი ერთი კოვზით ეზიარებიან.

მოახლოებული ხალხმრავალი საეკლესიო დღესასწაულების ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხი.

საქართველოში, ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი. თუმცა, საპატრიარქომ ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრება არ შეზღუდა და დისტანციის რეკომენდაციის დაცვის მცდელობის მიუხედავად, მრევლი ერთი კოვზიდან ეზიარება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ღამის ლიტურგია. საღამოს 9-დან დილის 6 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს.

კომენტარები