კორონავირუსი იტალიაში

იტალიელმა მღვდელმა იმ მორწმუნეთა ფოტოებთან წირა, ვინც ტაძარში ვერ მივიდა

CNN

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, მღვდელმა იმ მორწმუნეთა ფოტოებთან წირა, ვინც ტაძარში ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო ვერ მივიდა. 

წირვის დროს ტაძარი ცარიელი იყო - მრევლის ფოტოები მღვდელმა სკამებზე დაალაგა.  

როგორც ჯუზეპე კორბარიმ CNN-ს უთხრა, გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ 24 თებერვლის შემდეგ წირვა მრევლის გარეშე ტარდება.  

"თავიდან თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, ეს რეალურად არ მეჩვენებოდა", - თქვა ჯუზეპე კორბარიმ. 

მისივე თქმით, როდესაც მრევლს ფოტოების გაგზავნა სთხოვა, პასუხს, რომელიც მიიღო, არ ელოდა. 

"ასეთ ერთობლივ რეაქციას არ ველოდი. უამრავი ფოტო მივიღე და ამოვბეჭდე... ახლა ვხედავ, რომ სხვა მრევლი, მსოფლიოს გარშემოც კი, იმავეს აკეთებს", - თქვა მან. 

ტაძარი წირვას რადიოს საშუალებით გადასცემს, ასევე, იგეგმება ონლაინ ტრანსლირებაც.  

იტალიაში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 124 632 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 15 362. გამოჯანმრთელდა 20 996 პირი.

ქვეყანა 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. შეზღუდვები, მინიმუმ, 12 აპრილამდე გახანგრძლივდა. 

იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი.

კომენტარები