კორონავირუსი

რატიანი: რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის 42 წლის კაცია

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში განთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. ერთერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

"კიდევ ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომ არის ახალგაზრდა მამაკაცი, 42 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში გუშინ შემოვიდა. პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორიული დისტრეს სინდრომი, რის გამოც მოთავსდა რეანიმაციულ, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასევე გადმოყვანილია რამდენიმე პაციენტი სხვადასხვა კლინიკიდან, მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით ერთის, კრიტიკულია" - ამბობს რატიანი.

გარდა ამისა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის თქმით, 27 პაციენტს მწვავე პნევმონიის დიაგნოზი აქვს.

"და დისტრესის სურათი. არ არის გამორიცხული, რომ ვინაიდან დაავადების პროგნოზი არ ვიცით, ნებისმიერ მათგანს დასჭირდეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაყვანა" - ამბობს რატიანი.

საქართველოში კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 36 და გარდაიცვალა 2 ადამიანი.

კომენტარები