კორონავირუსი

რატიანი: 5 აპრილს გარდაცვლილის შვილიშვილს 21 დღის განმავლობაში ცხელების ეპიზოდი ჰქონდა

საქართველოს მთავრობა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განმარტებით, ტყუილია ინფორმაცია, რომ 5 აპრილს კორონავირუსით გარდაცვლილი 81 წლის ქალის ინფექციის წყარო უცნობია.

"21 დღის განმავლობაში მისი ოჯახის წევრს ჰქონდა ცხელების ეპიზოდი და ტყუილი ინფორმაციაა, რომ არ იცოდა ეპიდკერა, იცოდა. და უნდა ვთქვა, რომ ეს ახალგაზრდა, შვილიშვილი იმყოფება ჩვენს კლინიკაში და ელოდება ლუგარის ტესტს. აქედან გამომდინარე, ვიცით, ქალბატონს საიდან გადაედო ინფექცია და ინფექციის წყაროს არსებობა" - ამბობს რატიანი.

81 წლის ქალი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა მიმღებშივე კრიტიკულად შეფასდა. 

"პაციენტთან ორმხრივი მწვავე პნევმონია გამოვლინდა. მწვავე რესპირატორული დისტრესი. მწვავე სეფსისი. ანამნეზით გადატანილი ჰქონდა მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, დაესვა აღნიშნული დიაგნოზი, ის გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის ცენტრში. მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო"- თქვა ლევან რატიანმა. 

საქართველოში კორონავირუსით სულ ორი პაციენტი გარდაიცვალა. 4 აპრილს Covid 19-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 79 წლის ქალი ემსხვერპლა. მისი მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

5 აპრილის საღამოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 36 გამოჯანმრთელდა. 

29 მარტიდან ქვეყანა "ფაქტობრივად კარანტინის" რეჟიმზეა გადასული. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი. 21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები