წმიდა ცეცხლის რიტუალი

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური ამბობს, რომ იერუსალიმის წმიდა ცეცხლი იგივეა, რაც კანდლის ცეცხლი

0 კომენტარი
ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსი იერონიმე

ათენისა და სრულიად საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკომოსმა იერონიმე მეორემ ბერძნულ ტელეკომპანია ANT1 TV-სთან ინტერვიუში წმიდა ცეცხლის რიტუალის შესახებ ისაუბრა.

მთავარეპისკოპოსს ჰკითხეს, კორონავირუსის პანდემიის გამო, როგორ მოხერხდებოდა საბერძნეთში იერუსალიმის სარიტუალო-სააღდგომო ცეცხლის ტრანსპორტირება, რომელსაც მართლმადიდებელთა ნაწილი ზებუნებრივი წარმოშობისად მიიჩნევს, ნაწილი კი, რიტუალში მხოლოდ უკვე არსებული ცეცხლის კურთხევის ცერემონიას ხედავს.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა თქვა:

"წმინდა ცეცხლი, ისედაც ყოველთვის არის ეკლესიაში", - თქვა მთავარეპისკოპოსმა და დაამატა, რომ "ძველად, იქამდე რაც დღეს ხდება ამ წმიდა ცეცხლის მისაღებად, ჩვენ წმინდა ტრაპეზზე არსებული კანდელიდან ვიღებდით ცეცხლს. არ არსებობს პირველი კატეგორიის და მეორე კატეგორიის წმინდა ცეცხლი. ორივე ერთი და იგივეა", - აღნიშნა უნეტარესმა იერონიმემ.

მისი თქმით "ეს არის ჩვევები, რომელიც გვიან გამომუშავდა" მაგრამ ეკლესია იპოვის გზას, გადაჭრას პრობლემა და ჩაიტანოს საბერძნეთში სარიტუალო ცეცხლი.

წმიდა ცეცხლის რიტუალი, რომელიც რამდენიმე საუკუნეა სრულდება, მაცხოვრის აღდგომას ეძღვნება და ტრადიციისამებრ ქრისტეს საფლავის ეკლესიაში იმართება.

იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი კუვუკლიაში შედის და იქიდან ალმოდებული სანთლებით ბრუნდება. 

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა ცეცხლის "გარდამოსვლად" არის ცნობილი, ამგვარ, ფიზიკური კანონების რღვევის თვალსაზრისით სასწაულს არ იცნობს არც მართლმადიდებელი ეკლესიის მსოფლიო საეკლესიო კრებების დოგმატები და არც საეკლესიო კანონები. მის შესახებ არ უმსჯელია არც 2016 წელს შემდგარ კრეტის კრებას.

2001 წელს, იერუსალიმის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, პეტრას მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, ბერძნული ტელეკომპანია MEGA-ს ეთერში, გადაცემაში Grizes Zones განაცხადა, რომ "საქმე ეხება ბუნებრივ ცეცხლს, მაგრამ ლოცვები, რომელსაც კითხულობს პატრიარქი ან სხვა, მისი შემცვლელი მღვდელმთავარი, აკურთხებენ ამ წმიდა ცეცხლს, რის შემდეგაც მას აქვს წმიდა ცეცხლის მადლი. ეს არის ბუნებრივი ცეცხლი, რომელსაც ვანთებთ ჩაუქრობელი კანდლიდან, რომელიც ინახება აღდგომის ტაძარში. მაგრამ ლოცვებს შეუძლიათ აკურთხონ ბუნებრივი ცეცხლი და ის ხდება ზებუნებრივი ცეცხლი. სასწაული - ეპიკლეზაშია (სულიწმიდის მოხმობაში), მღვდელმთავრის ლოცვაში, მისით იკურთხება ეს ცეცხლი", - თქვა მღვდელმთავარმა, რომელმაც 2001 წლის 15 აპრილს თავად აღასრულა დიდი შაბათის ცეცხლის კურთხევის წესი.

იმავეს ამბობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია. სომეხი იერარქების განცხადებით, პატრიარქისა და სომეხი იერარქის კუვუკლიაში შესვლისას, ორი კანდელი ანთია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2016 წელს, სამების საკათედრო ტაძარში, წმიდა გრიგოლ პალამას ხსენების დღეს განაცხადა, რომ იერუსალიმში "გადმოსული ცეცხლი" ის ნათელია, რომელიც თან ახლავს ღმერთს.

წინასააღდგომოდ, ცეცხლის კურთხევის ტრადიციას არაერთი ქრისტიანული ეკლესია მისდევს, რასაც დღესასწაულთან დაკავშირებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები