ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, საავადმყოფოში გამოკვლევებისთვის გადაიყვანეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ახალი კორონავირუსი ჯონსონს, დაახლოებით, 10 დღის წინ დაუდასტურდა. 

"ბატონ ჯონსონს კვლავ მყარად აღენიშნება კორონავირუსის სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა"- უთხრა მედიას დაუნინგ-სტრიტის სპიკერმა. 

BBC-ის ცნობით, პრემიერმინისტრის ოფისის წარმომადგენელი ამბობს, რომ ეს პრევენციული ღონისძიებაა, რომელსაც ჯონსონმა საკუთარი ექიმის კონსულტაციის შედეგად მიმართა. 

"პრემიერმინისტრი მადლობას უხდის ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს მათი საოცრად მძიმე შრომისთვის და დაჟინებით მოუწოდებს საზოგადოებას, გააგრძელოს ხელისუფლების რჩევის დაცვა სახლში დარჩენასთან დაკავშირებით, დაიცვას ჯანდაცვის ეროვნული სამსახური და გადაარჩინოს სიცოცხლეები,"- თქვა სპიკერმა. 

ბორის ჯონსონს ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა. მას შემდეგ ის თვითიზოლაციაში იმყოფება და მთავრობის საქმიანობას შინიდან უძღვება

დიდ ბრიტანთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა. დაიხურა ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი ადგილები, დაწესებულებები, რომელთა მუშაობაც აუცილებელი არ არის. მოქალაქეებს სახლის დატოვება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად, დღეში ერთხელ სავარჯიშოდ, სამედიცინო საჭიროებისთვის ან სამსახურში წასასვლელად (თუ სახლიდან მუშაობა შეუძლებელია) შეუძლიათ.

გაერთიანებული სამეფო აპრილის ბოლოს მასობრივ ტესტირებაზე გადასვლას გეგმავს. ჯანდაცვის მდივნის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, აპრილის ბოლოს ინგლისში დღეში 100 ათასი ტესტი ჩატარდება. ჯონსონმა განაცხადა, რომ სწორედ მასობრივი ტესტირებების ჩატარებით დაამარცხებდნენ ვირუსს.

გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად ახალი კორონავირუსის 47 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 4 934-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 135 გამოჯანმრთელდა.

კომენტარები