აღსრულების ეროვნული ბიურო

წულუკიანი: ვირუსის დასრულებამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არავის გამოასახლებს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ცნობით, დღეს, 6 აპრილს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობა ელექტრონული, დისტანციური წესით განაახლა. წულუკიანის ცნობით, ერთადერთი, რასაც ახალი კორონავირუსის დასრულებამდე აღსრულების ეროვნული ბიურო არ განახორციელებს როგორც საქმიანობას, ესაა გამოსახლებები, რადგან, მინისტრი განმარტებით, "ამგვარი საქმიანობა კავშირშია ოჯახში და საცხოვრებელ ადგილას მისვლასთან".

აღსრულების ეროვნული ბიუროს სხვა დანარჩენი სერვისები დღეს დილიდან უკვე გაიცემა. ამისთვის საჭიროა უწყებას მიმართოთ მეილით, Facebook-ზე, ან დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე.

წულუკიანის ცნობით, აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული საქმიანობის პირობებში, იმუშავებს ასლებით.

"თუ დედანი დოკუმენტის მიტანა იქნება საჭირო, შექმნილი იქნება სპეციალური ადგილები, სადაც მოქალაქეები ამ დედნის მიტანას აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ", - ამის შესახებ თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

კომენტარები