კორონავირუსი და ეკლესია

იმნაძე მრევლს: ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, დარჩით სახლში, დავიცვათ დედა ეკლესია

საქართველოს მთავრობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს, პაატა იმნაძეს, ტაბულამ კითხვა, თუ იგეგმება NCDC-ის მიერ დამატებითი რეკომენდაციების შემუშავება იმ ექიმებისთვის, რომლებიც დაესწრებიან სააღდგომო ლიტურგიას და რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან, ან ხომ არ იგეგმება მათი შემოწმება ანტისხეულებზე. 

იმნაძის თქმით, ახალი ალგორითმის მიხედვით, ანტისხეულებზე ტესტები ისედაც სავალდებულოა ექიმებისთვის გამომდინარე მათი პროფესიული რისკიდან. 

"მიუხედავად იმისა, ის რომ გამოდის საავადმყოფოდან, სად მიდის. აქედან გამომდინარე, რადგან მაღალი რისკია მისი პროფესიული, ამიტომ ყველას უტარდება. ის განსხვავება ახლა რომელი პროფესიის მივა, სად მივა...,"- თქვა იმნაძემ. 

როგორც პაატა იმნაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ცდილობს, რომ ნებისმიერი მათი აკრძალვა თუ რჩევა საფრთხის ადეკვატური იყოს. მისივე თქმით, 2 კვირის წინ რა რჩევებსაც გასცემდა ცენტრი, იმ რჩევების დაცვას ან არდაცვას ვიმკით დღეს, ხოლო დღეს რა რჩევებსაც იძლევიან, ამის ეფექტი 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება. 

"აქედან გამომდინარე, მე მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მე მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისაგან. ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესია ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისათვის და ქვეყნისთვის,"- თქვა პაატა იმნაძემ. 

მიუხედავად 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან 12-ის მიღებული გადაწყვეტილებისა, დახუროს მორწმუნეთათვის ღვთისმსახურება, საქართველოს ეკლესია ტაძრებში მხოლოდ საეროების დისტანცირებას დათანხმდა, თუმცა მათ კვლავ ერთი კოვზით აზიარებს, რაც დისტანცირებას აზრსმოკლებულად აქცევს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანაში ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც საღამოს 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილებას კრძალავს. საპატრიარქო პანდემიის სააღდგომოდ გადავლას ელოდება, სახელმწიფო კი - აღდგომიდან ორ კვირაში კორონავირუსის ინფიცირების პიკს. 

კომენტარები