კორონავირუსი საქართველოში

თურნავა ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებაზე: შევეგუოთ, რომ გარკვეული დრო დასჭირდება

კომერსანტი

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების ნებართვის გაცემის პროცესზე ისაუბრა. 

თურნავას თქმით, შესაბამისი აპლიკაციები, რომელიც ბიზნესმა უნდა შეავსოს სამინისტროს საიტზე პარასკევს განთავსდა. 

"მოგეხსენებათ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით ნებადართული საქმიანობები გვაქვს საქართველოში. პარასკევს ჩვენ განვათავსეთ სხვადასხვა ბიზნესს სექტორზე მორგებული აპლიკაციები ეკონომიკის სამინისტროს საიტზე. ძალიან აქტიურობს ბიზნესი, რა თქმა უნდა, მათ სურთ დროულად დაუბრუნდნენ საქმიანობას, მერწმუნეთ ჩვენც იგივე გვინდა", — განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, შემოწმების პროცესს ერთდროულად შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალური ზედამხედველობის სტრუქტურები მოახდენენ.

"მინდა მოგახსენოთ, რომ პრაქტიკულად დღეიდან შრომის ინსპექციასთან და მუნიციპალურ სამსახურებთან ერთად ვიწყებთ ძალიან ინტენსიურ შემოწმების პროცესს. შევამოწმებთ როგორ შესრულდება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები. შემოწმებას დავიწყებთ იმ სისტემური საწარმოებიდან, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება. ჩვენი ეს დიდი პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ დღეში შევძლებთ 50 საწარმოს და ობიექტის შემოწმებას", — განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, შემოწმება იმ სისტემური უწყებებიდან დაიწყება, რომელთაც მუშაობა არ შეუჩერებიათ.

"რა თქმა უნდა პარალელურად დავიწყებთ იმ ბიზნესების შემოწმებასაც, რომლებსაც დროებით შუეჩერდა საქმიანობის უფლება, რათა გადაეწყონ ახალ წესებზე. ამას გარკვეული დრო დაჭირდება შევეგუოთ ამას, ეს დრო დაჭირდება კომპანიებსაც, რათა ახალ წესებზე გადაეწყონ", — განაცხადა ნათია თურნავამ. 

საქართველოში საკვების გარდა, ყველა სახის ონლაინ გაყიდვები 30 მარტს მთავრობის ახალი დადგენილებით შეიზღუდა, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებას ეხებოდა. მოგვიანებით, 2 აპრილს დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც ნებადართულია ნებისმიერიი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც დისტანციურად წარიმართება და ოფისში ხუთზე მეტი ადამიანის ყოფნას არ მოითხოვს. 

საქმიანობის გასაგრძელებლად კომპანიებმა სახელმწიფოსგან სპეციალური ნებართვები უნდა მიიღონ.

კომენტარები