კორონავირუსი ავსტრიაში

ავსტრია 14 აპრილიდან შეზღუდვების შემცირებას გეგმავს

ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, ქვეყანა აღდგომის შემდეგ კორონავირუსთან დაკავშირებული ზომების შერბილებას დაიწყებს.

14 აპრილიდან ავსტრია ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდება, რომელიც ცხოვრების ჩვეული წესის აღდგენას დაიწყებს.

ზომების შერბილების ფარგლებში დაშვებული იქნება არააუცილებელი საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა ვაჭრობა - გაიხსნება ყველა მაღაზია, სავაჭრო ცენტრი და სილამაზის სალონი. ამისდა მიუხედავად, რესტორნები და სასტუმროები, როგორც მინიმუმ, მაისის შუამდე დარჩება დაკეტილი და ამ საკითხთან დაკავშირებით ავსტრიის მთავრობა გადაწყვეტილებას აპრილის შუაში მიიღებს.

რაც შეეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, გამოცდები გაგრძელდება, თუმცა სკოლები მაისის შუამდე იქნება დაკეტილი.

თავყრილობები მინიმუმ ივნისის ბოლომდე იქნება აკრძალული.

გადაადგილებაზე შეზღუდვები აპრილის ბოლომდე დარჩება ძალაში. ეს იმას გულისხმობს, რომ ავსტრიელებს სახლიდან გასვლა შეეძლებათ მხოლოდ სამუშაოდ, საყიდლებზე, მოწყვლადი ადამიანების დასახმარებლად ან სავარჯიშოდ.

უკანასკნელი მონაცემებით, ავსტრიაში ახალი კორონავირუსზე 111 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა და ვირუსის 12 ათასზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. თუმცა დაავადების გავრცელების დინამიკა პოზიტიურია და მიიჩნევა, რომ პიკმა ქვეყანაში უკვე გადაიარა.

კომენტარები