EBRD

EBRD: ქართულ ფირმებს გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას დავპირდით

Getty Images

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაცია საქართველოს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში დაეხმარება.

როგორც განცხადებიდან ხდება ცნობილი, შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორ მატეო პატრონესა და კავკასიის რეგიონულ დირექტორს, კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის.

"EBRD-ის წარმომადგენლებმა დადეს პირობა, გამოყონ გადაუდებელი ფინანსური დახმარება ადგილობრივი ფირმებისთვის კორონავირუსის გავრცელების შედეგების გასამკლავებლად," - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ უკვე გამოყო ერთ მილიარდ ევროიანი საგანგებო სოლიდარობის პაკეტი, რომელიც 38 ქვეყანაზე უნდა გადანაწილდეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო საქმიანობა, EBRD-ის ინვესტიციები ქვეყანაში 3.7 მილიარდ ევროს აღწევს და 249 პროექტს მოიცავს ფინანსურ, კორპორატიულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ სექტორებში.

კომენტარები