ეკონომიკა

იაპონიამ ეკონომიკის სტიმულირების 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის გეგმა შეიმუშავა

Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის იაპონიის მთავრობამ 1 ტრილიონი დოლარის მოცულობის გეგმა შეიმუშავა. 

გეგმის შესახებ პირველად ქვეყნის პრემიერმა, სინძო აბემ ისაუბრა. ანტი-კრიზისული პაკეტის მოცულობა 108 ტრილიონი იენი, რაც ამერიკულ დოლარში 898 მილიარდი გამოდის. პაკეტის მოცულობა იაპონიის მშპ-ს 20%-ს უტოლდება. 

სხვა ნაბიჯებთან ერთად, გეგმა დაზარალებული მოქალაქეებისთვის ერთჯერად, პირდაპირ ფინანსურ დახმარებასაც ითვალისწინებს. წლის დასაწყისში იაპონიის ეკონომიკა დადებით სიგნალს იძლეოდა, იზრდებოდა ინდუსტრიული პროდუქციისა და დასაქმების მაჩვენებელი, თუმცა ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე, ქვეყანას უმკაცრესი ზომების დაწესება მოუწია.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ქვეყნის მთავრობა უახლოეს დღეებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს. იაპონიაში Covid-19-ის აფეთქების მეორე ტალღას ვარაუდობენ და მკაცრი ზომების გაგრძელებაც სწორედ ამით არის ნაკარნახევი. 

ასევე, პრობლემები შეინიშნებოდა სოციალური დისტანციის დაცვის კუთხითაც. ამ პერიოდის განმავლობაში მოწოდებების მიუხედევად იაპონელების 80% სამსახურში დადიოდა. 

ამ დროისთვის იაპონიაში ახალი კორონავირუსის 3,600 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 85 პაციენტი. 

კომენტარები