ევროპაში Covid-19-ის გავრცელების მაჩვენებელი და სიკვდილიანობა იკლებს

ევროპის ქვეყნებში, რომლებსაც ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, 6 აპრილს ორივე კომპონენტი კლებისკენ წავიდა. 

6 აპრილს ესპანეთში Covid-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო ორი კვირის მინიმუმზეა. იგივე ტენდენცია შეინიშნება გერმანიაშიც, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობა 6 დღის მინიმუმზეა. დაავადების გავრცელება და სიკვდილიანობა იკლებს ქვეყნებში, რომლებიც ახალი დაავადებით ყველაზე მეტად დაზარალდნენ. 

ბოლო დღეების მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური დისტანცირების მიმართულებით მიღებულმა მკაცრმა ზომებმა შედეგი გამოიღეს. ამასთანავე, 14 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ განაცხადა ავსტრიის პრემიერმა სებასტიან კურცმა, ავსტრიის შემდეგ იგივე ნაბიჯს გადადგამენ დანიაშიც. 

ევროპა ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერა მარტში გახდა, დაავადების შედეგად გარდაცვლილთა 60%-ზე მეტი იტალიაზე, ესპანეთზე, საფრანგეთზე და დიდ ბრიტანეთზე მოდის. 

6 აპრილს ესპანეთში კორონავირუსის 4,273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 22 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება სიკვდილიანობას, ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 638 პაციენტი გარდაიცვალა, რაც 24 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 

4,031-ით გაიზარდა ახალი შემთხვევების რაოდენობა გერმანიაში და ჯამურად 100 ათასს გადასცდა. ბოლო 24 საათში გერმანიაში Covid-19-ით გარდაცვალების 140 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 7 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. უფრო სწრაფად იზრდება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ამ დროისთვის 28 ათასს აღემატება. 

დადებითი სიგნალების მიუხედავად, გერმანიის ხელისუფლება მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობს და მიუთითებს, რომ ახალი კორონავირუსით სულ უფრო მეტი ასაკოვანი მოქალაქე ინფიცირდება. ანგელა მერკელის აპარატის უფროსი ამბობს, რომ შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ არ უნდა იჩქაროს და სათანადო სიფრთხილე გამოიჩინოს. 

6 აპრილს იტალიაში დაავადებით გარდაცვალების 525 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. საფრანგეთში გარდაცვალების 518 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ასევე მინიმალური მაჩვენებელია ბოლო 7 დღის განმავლობაში. 

ამ დროის მონაცემებით ევროპის ქვეყნების სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იტალია  — შემთხვევები - 132,547, გარდაცვალება - 16,523, გამოჯანმრთელება - 22,837;
  • ესპანეთი — შემთხვევები - 135,032, გარდაცვალება - 13,169, გამოჯანმრთელება - 40,437;
  • საფრანგეთი — შემთხვევები - 93,785, გარდაცვალება - 8,093, გამოჯანმრთელება - 16,354;
  • გერმანია —  შემთხვევები - 101,178, გარდაცვალება - 1,612, გამოჯანმრთელება - 28,700;

კომენტარები