კორონავირუსი საქართველოში

ბასილ კობახიძე: ვხედავთ, რომ ეკლესია ხალხის სიცოცხლეს მიადგა და მათ ხოცვას იწყებს

თეოლოგი ბასილ კობახიძე, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლობა საკუთარი ინიციატივით, პროტესტის ნიშნად დატოვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

"ეკლესია თავის შეხედულებას არ იცვლის და რჩება ფანატიკურ პოზიციებზე. სინოდმა დაადგინა, რომ არ დაკეტავენ ეკლესიებს. ვიცით, რომ საყოველთაო ამოცანა არის ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი დაავადდეს, დაინფიცირდეს და ეკლესიას შეუძლია, არ შეიტანოს ლომის წვლილი ამაში, მაგრამ არ აკეთებენ ამას. არ აკეთებენ იმიტომ, რომ მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ფანატიზმს აქვს თავისი ლოგიკა. მე ვიცი, რაზედაც ვლაპარაკობ, რადგანაც მრავალი წელი ვიყავი ამ ლოგიკაში, როგორც მრევლი და როგორც მღვდელი", — ამბობს ბასილ კობახიძე.

ბასილ კობახიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რაციონალური არგუმენტებით საუბარი აზრს მოკლებულია და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.

"ამიტომაც არგუმენტებით საუბარს - ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ თეოლოგიური არგუმენტები - საპატრიარქოსთან და პატრიარქთან აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ცხოვრობენ თავის სამყაროში და ყავთ თავისი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორიც მაგალითად მოლოქი, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება", — განაცხადა ბასილ კობახიძემ.

ბასილ კობახიძის თქმით, მთავრობის წევრთა განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინი არ დაესწრებიან სააღდგომო ლიტურგიას, უმწეობის გამოვლინებაა.

"თუ მინისტრებს ჰგონიათ, რომ ავტორიტეტები არიან მრევლისთვის და მათი არმისვლით აღდგომის ლიტურღიაზე მრევლიც თავს შეიკავებს, ძალიან ცდებიან. ეს არის უმწეობის გამოვლინება. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციები ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, როდესაც ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ურჩხულივით აზის საქართველოს მრავალი ათეული წელია. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეკლესია ხალხის სიცოცხლეს მიადგა და ხალხის ხოცვას იწყებს", — ამბობს ბასილ კობახიძე.

კომენტარები