კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 1 ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, მისი წყარო ამერიკაა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 1 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მისი წყარო კი აშშ-ა. 

"გუშინ გვიან შემოვიდა ჩვენთან ცენტრში. პირველადი ანალიზებით და ზოგადი მდგომარეობით მძიმე არ არის. რისკ ჯგუფში არ არის. იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 პაციენტიდან ინფექციური საავადმყოფოს პაციენტი 69 მათგანია. აქედან 29 გამოჯანმრთელდა.

"ამჟამად ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი. მათგან 1 კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. მართვით სუნთქვაზე ჯერ არ გადასულა, ვნახოთ, როგორი სიტუაცია იქნება", - თქვა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პასიენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და მათ ძალიან მძიმე პნევმონია აღარ აქვთ.  

მისი თქმით, გუშინ ინფექციურ საავადმყოფოში 21 პაციენტზე გაკეთდა ტესტირება. ამათგან, ახალი პაციენტების პასუხი ნეგატიური იყო. ეზუგბაიას თქმით, რამდენიმე ძველ პაციენტთან უარყოფითი პასუხი მიიღეს, დღეს მათ ტესტირებას განმეორებით ჩაუტარებენ. მისივე თქმით, კლინიკაში 2 არასრულწლოვანია.  

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 39 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ადამიანი.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე - კომენდანტის საათი. 

21 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მანამდე, კარანტინის რეჟიმში ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი იყო.

კომენტარები