ახალი კორონავირუსი საქართველოში

როგორია I საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა - რატიანის მიმოხილვა

ტვ პირველი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა კლინიკაში მოთავსებული, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობის შესახებ ისაუბრა

რატიანის თქმით, რეანიმაციაშია 6 პაციენტი, მათგან 3 არის ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, 3 - სპონტანურ სუნთქვაზე.

  • "აქედან ერთი არის 62 წლის მარნეულელი ქალბატონი, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. 80 წლის ქალბატონი - ის მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება გადატანილი დაავადების სიმპტომებს.
  • გუშინწინ გვყავდა მძიმე პაციენტი, 42 წლის. მძიმედ ყოფნის დღეები ემთხვეოდა მე-8 - მე-9 დღეს, ამ დაავადებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდს. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, შენარჩუნებულია ოქსიგენაციის პარამეტრები, ძალიან დიდი იმედი გვაქვს ყველა ექიმს, რომ თუ დღევანდელი დღე გადავლახეთ, ამ ბიჭს არ დასჭირდება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა.
  • რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს - მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ჩვენს კლინიკაში ყოველდღიურად ტარდება ყველა ის კვლევა, რომელიც ჯანმოს მიერ არის მოწოდებული და მათ საფუძველზე მინდა გითხრათ, რომ არც ერთ პაციენტთან უარყოფითი დინამიკა არ არის.
  • ორსულების მდგომარეობა ყველაზე კარგია - როგორც დედების, ისე ნაყოფების მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო რამდენიმე დღეა, ამ ქალბატონებთან არავითარი გართულება არ გამოვლენილა, იმედია, არც გამოვლინდება და რამდენიმე დღეში, როცა ნაცხს ავუღებთ, კორონავირუსზე პასუხი იქნება უარყოფითი, შემდეგ შემთხვევაში კი გაეწერებიან ბინაზე.
  • 13 წლის ბიჭი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს - არანაირი გართულება, რა ჩივილებიც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს და იმედია, ასეც წავა მდგომარეობა და ისიც ჯანმრთელი და ბედნიერი გაეწერება ჩვენი კლინიკიდან.
  • რაც შეეხება ინფიცირებულ ექიმს - მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებულია. ბოლო 16 საათია, ცხელება არ ყოფილა, სუნთქვის პარამეტრები არ უარესდება, იმედია, რომ მასთანაც ყველაფერი კარგად იქნება.
  • 86 წლის კაცი - გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, საშუალო ხარისხის მძიმე დისტრესი, მაგრამ შემოყვანის შემდეგ, ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის შემდეგ არ გაუარესებულა.
  • რაც შეეხება ახალი პაციენტების მდგომარეობას - მათი მდგომარეობა სტაბილურია, არანაირი პათოლოგია არ ვლინდება, ისინი იმყოფებიან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, იმედია, ასე გაგრძელდება. რისკ ფაქტორები არის ასაკი - 60+1, ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებები, ასეთი ფაწტორების მქონე პაციენტები გვყავს, მაგრამ მათი ვიტალური მდგომარეობები ნარჩუნდება", - თქვა რატიანმა.

მისივე თქმით, 6 აპრილს კლინიკის მედპერსონალს გამოკვლევა ჩაუტარდა და არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

საქართველოში, 7 აპრილის 10:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა 195 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 39.

კომენტარები