ახალი კორონავირუსი საქართველოში

საპატრიარქო: ილია II ექიმების დაჟინებული მოთხოვნით დარჩა საპატრიარქოში

პატრიარქი ილია მეორე

პატრიარქმა ილია II-მ სამების საკათედრო ტაძარში წირვა არც დღეს ჩაატარა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტაბულასთან ამის მიზეზი ასე განმარტა:

"როგორც შემატყობინეს, ექიმების დაჟინებული რჩევა იყო, დღეს დარჩენილიყო საპატრიარქოში, წირვას დაესწრო საპატრიარქოს ტაძარში".

მოუხედავად ანდრია ჯაღმაიძის მიერ 5 აპრილს გაკეთებული განცხადებისა, რომ "წინ ბევრი დღესასწაულია და პატრიარქი წირვას 7 აპრილს ჩაატარებს", დღეს ხარების ლიტურგია სამებაში არა პატრიარქმა, არამედ მისმა მოსაყდრე შიომ და ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა დანიელმა აღავლინეს. ლიტურგიას მრევლიც დაესწრო. ჩატარდა ერთი კოვზით ზიარებაც.

დღევანდელი ლიტურგია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა.

საქართველოში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, დაწესებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია 3 ადამიანზე მეტის შეკრება.

მიუხედავად ამისა, საპატრიარქო ღვთისმსახურებაზე მორწმუნეების დასწრებას არ ზღუდავს და აცხადებს, რომ მრევლი ტაძრებში საჭირო დისტანციას დაიცავს. თუმცა, მორწმუნეები აგრძელებენ ხატებზე მთხვევას და ერთი კოვზით ზიარებას.

ახალი კორონავირუსი ინფექციაა, რომლითაც მსოფლიოში 1 300 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 60 000-ზე მეტი კი დაიღუპა. სხვადასხვა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, შეჩერებულია ფრენები, დაკეტილია მაღაზიები, მუზეუმები და სხვა დაწესებულებები. საქართველოში მუშაობას მხოლოდ სურსათის მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ბენზინგასამართი სადგურები აგრძელებენ, მოქალაქეების პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

პაპი ფრანცისკე მრევლის გარეშე წირავს, სხვადასხვა ქვეყნის საპატრიარქოებმა, ასევე მსოფლიო საპატრირქომ ცარიელ ტაძრებში წირვის და მათი დისტანციურად გადაცემის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, საქართველოს საპატრიარქო უკან დახევას არ აპირებს და გეგმავს, ეპიდემიის და მოქალაქეების დაინფიცირების დიდი საფრთხის მიუხედავად, წირვა-ლოცვა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.

კომენტარები