Forbes: კორონავირუსის პანდემიის გამო ერთ თვეში ტრამპის ქონება $1 მილიარდით შემცირდა

დონალდ ტრამპი
EPA

Сovid-19-ის პანდემიის გამო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ქონება ბოლო ერთი თვის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარით შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნეს გამოცემა Forbes ავრცელებს. 

"ერთი თვის წინ დონალდ ტრამპის ქონებას 3,1 მილიარდი დოლარით ვაფასებდით, ამ დროისთვის კი ღირებულება 2,1 მილიარდ დოლარამდე შემცირდა", — წერია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში. 

შეფასება ეკონომიკის იმ სეგმენტში მიმდინარე ცვლილებების საფუძველზე ხდებოდა, რომელშიც ტრამპის კომპანიები საქმიანობენ. გამოცემაში ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის უძრავი ქონების სექტორი კრიზისს განიცდის, მცირდება უმსხვილესი დეველოპელური კომპანიების კაპიტალიზაცია. დონალდ ტრამპის კომპანიების დიდი ნაწილი კი სწორედ ამ სექტორში საქმიანობს. 

Forbes-ის მიხედვით, ყველაზე დიდი ზარალი ტრამპის კუთვნილმა საოფისე ინფრასტრუქტურამ განიცადა, რომელიც სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში მდებარეობს. ბოლო ერთ თვის განმავლობაში ოფისების ღირებულება 1,9 მილიარდი დოლარიდან 1,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

248 მილიონი დოლარიდან 148 მილიონამდე შემცირდა 5 შტატში მდებარე უძრავი ქონების ღირებულებაც. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა სასტუმროების სექტორში, რომელშიც ტრამპის აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილია განთავსებული. ვაშინგტონში მდებარე სასტუმროსა და მაიამის დასასვენებელი კომპლექსის კაპიტალიზაცია 107 მილიონი დოლარიდან 38 მილიონამდე შემცირდა. 

სირთულეებს განიცდის ტრამპის კიდევ ერთი ბიზნესი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სასტუმროების ბრენდირებას და მართვას გულისხმობს. ამ აქტივის ღირებულება მარტის დასაწყისში 80 მილიონ დოლარს აღემატებოდა, ამ დროისთვის კი 42 მილიონს დოლარს შეადგენს. 

54 მილიონი დოლარით შემცირდა ტრამპის კუთვნილი 10 გოლფ კლუბისა და ევროპაში არსებული სამი ობიექტის ღირებულებაც. გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში აღნიშნულია, რომ სტაბილურობა მხოლოდ ტრამპის "უსაფრთხოების ბალიშმა" აჩვენა. 

საუბარია 160 მილიონ დოლარზე, რომელიც ნაღდი ფულის სახით სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზეა მობილიზებული. გასული კვირაში Covid-19-ის პანდემიის გამო, დონალდ ტრამპის დანაკარგებზე წერდა The Wall Street Journal-იც. გამოცემის ინფორმაციით პანდემიის გამო ტრამპი ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარს კარგავს. 

ამ დროისთვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის 368,449 შემთხვევაა დადასტურებული, რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდაიცვალა 10,993 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 19,919.

კომენტარები