სპორტი

აშშ: მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რუსეთმა FIFA-ს ჩინოვნიკები მოქრთამა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსეთი და კატარი წლების განმავლობაში ქრთამებს აძლევდნენ FIFA-ს მაღალი თანამდებობის პირებს და ყიდულობდნენ ხმებს, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მიეღოთ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. 

საუბარია, 2018 და 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, FIFA-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეკ უორნერმა რუსეთისგან ქრთამის სახით 5 მილიონი დოლარი მიიღო. ეს თანხები უორნერამდე ყალბი კომპანიების გავლით მივიდა. ამ კომპანიების სიაში მოხვდა, რამდენიმე ამერიკული ორგანიზაციაც, რომლებიც მოსამზადებელ ეტაპზე რუსულმა მხარემ დაიქირივა. 

FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის კიდევ ერთი წევრი რაფაელ სალერგომ რუსეთის სასარგებლოდ ხმის მიცემისთვის 1 მილიონი დოლარი მიიღო. კატარისგან ქრთამის მიღებაში ედება ბრალი FIFA-ს ყოფილ ჩინოვნიკებს ხულიო გრანდონას, ნიკოლას ლეოსს და რიკარდო ტეიშეირას. 

2018 და 2022 წლის მსოლფიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნები ორგანიზაციაში 2010 წელს აირჩიეს. კენჭისყრის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა და ზედამხედველობის სხვადასხვა ორგანოებში ეჭვები მალევე გამოიწვია. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის რუსეთის გარდა, ინგლისი, ნიდერლანდები და პორტუგალია იბრძოდა. თავის მხრივ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჩასატარებლად კატარმა აშშ-ის აჯობა. 

ამგვარმა შედეგებმა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებში ეჭვები გააჩინა გადაწყვეტილების პატიოსნებასთან დაკავშირებით. არჩევნებში მონაწილე ჩინოვნიკების ნახევარი თანამდებობებს ჩამოაშორეს, მათ შორის იყო ფედერაციის პრეზიდენტი, იოზეპ ბლატერიც. 

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს დასკვნა პირველია, რომელშიც რუსეთს და კატარს პირდაპირ ედებათ ბრალი კორუფციაში. თავის მხრივ ბრალდებას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი. 

პესკოვმა უარყო ნებისმიერი ბრალდება და განაცხადა, რომ რუსეთისთვის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლების მინიჭება ქრთამებს არ უკავშირდება. პესკოვის აზრით რუსეთმა ისტორიაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა.

კომენტარები