კორონავირუსი

იაპონიის უნივერსიტეტში ზოგ კურსდამთავრებულს დიპლომები დისტანციურად, რობოტებით გადასცეს

REUTERS

იაპონიაში ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გაზაფხულზე დაგეგმილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ღონისძიებები ჩაიშალა. ერთერთ მათგანში, ტოკიოს ბიზნესის უნივერსიტეტში BBUT კურსდამთავრებულთა ნაწილს დიპლომები დისტანციურად, რობოტების დახმარებით გადასცეს.

ANA ჰოლდინგსის მიერ განვითარებული რობოტები "Newme" კურსდამთავრებულთა მანტიით იყვნენ შემოსილნი და მათთვის განკუთნილი ქუდები ეხურათ. რობოტებს სახეებად პლანშეტები დაუმაგრეს, სადაც კურსდამთავრებულები სახლიდან ლაივ ვიდეოთი ჩართეს.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები მათ ტაშს უკრავდნენ შეძახილებით "გილოცავ!". უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კენიჩი ომაემ დიპლომები რობოტების პატარა მაგიდაზე მოათავსა და სტუდენტებს დისტანციურად დიპლომები ასე გადასცა.

ამჯერად, უნივერსიტეტმა ამ გზით მხოლოდ ოთხს სტუდენტს გადასცა დიპლომი.

უნივერსიტეტი იმედოვნებს, რომ მსგავს მიდგომას სხვა უნივერსიტეტებშიც გაიზიარებენ და პანდემიის პირობებში მასობრივ თავშეყრას ამგვარად თავიდან აიცილებენ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიამ 7 აპრილს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

იაპონიაში ახალი კორონავირუსის 3 906 შემთხვევა დადასტურდა. 92 პაცინეტი გარდაიცვალა 92. 592 პირი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები