აშშ-რუსეთი

როსკოსმოსი დონალდ ტრამპს პლანეტების დაპყრობის მცდელობაში ადანაშაულებს

დონალდ ტრამპი
GettyImages

რუსეთის კოსმოსური სააგენტო როსკოსმოსი დონალდ ტრამპს პლანეტების დაპყრობის მცდელობაში ადანაშაულებს.

როსკოსმოსის განცხადების მიხედვით ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას რომელშიც გაწერილია, თუ როგორ უნდა დაიწყოს აშშ-მა კოსმოსში ნედლეულის მოპოვება.

ტრამპმა 6 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ კომერციულ პარტნიორებთან ერთად მთვარეზე რესურსების მოპოვებაზე მუშაობას დაიწყებს. გეგმის მიხედვით აშშ-მა და სახელმწიფოს პარტნიორმა კომპანიებმა მთვარესა და მარსზე ხანგრძლივი კვლევითი მისიები უნდა განახორციელონ და შეისწავლონ სხვადასხვა მინერალური რესურსების მოპოვების შესაძლებლობა.

ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ კოსმოსში უსაფრთხო ოპერაციებზე აშშ-მა სხვა ქვეყნებთან უნდა ითანამშრომლოს და უზრუნველყოს საჯარო და კერძო სექტორისათვის შესაძლებლობის შექმნა, რათა მათ კოსმოსში არსებული რესურსების მოპოვება და ათვისება შეძლონ.

როსკოსმოსში კი ამბობენ, რომ ეს ბრძანება ეწინააღმდეგება იმ დებულებას, რომ კოსმოსი კაცობრიობას თანაბრად ეკუთვნის.

"კოსმოსის ექსპროპრიაციის მცდელობა და სხვა პლანეტების ტერიტორიების მითვისების აგრესიული გეგმა ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას არ ქმნის." ნათქვამია როსკოსმოსის განცხადებაში.

"ნებისმიერი მცდელობა, მოხდეს კოსმოსის პრივატიზება ამა თუ იმ ფორმით, მიუღებელია." თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გასული წლის აგვისტოში პენტაგონის ახალი, კოსმოსურ ბრძოლაზე ორიენტირებული შტაბის მუშაობაში გაშვება დააანონსა, რომელიც პენტაგონის დაქვემდებარებაში შევა.

შტაბი და მისი მეთაური გენერალი ჯონ რეიმონდი კოსმოსში ამერიკის ინტერესებს დაიცავენ, მათ შორის ასობით სატელიტს, რომლებიც კომუნიკაციისა და დაზვერვისათვის გამოიყენება.

"კოსმოსური შტაბი უზრუნველყოფს, რომ კოსმოსში ამერიკის დომინაციას საფრთხე არასოდეს შეექმნას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის გამარჯვებისათვის მომზადება. ეს აღსანიშნავი დღეა, როდესაც ვცნობთ კოსმოსის ცენტრალურ როლს ამერიკის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში." თქვა ტრამპმა.

აშშ-ის საჰაერო ძალებს უკვე ჰქონდა კოსმოსური ბრძოლის დანაყოფი, თუმცა ახალი შტაბი სპეციალური სისტემების და ოპერაციების განვითარებაზე იმუშავებს. მსგავსი შტაბი აშშ-ში 1985-2002 წლებში არსებობდა და 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ დაიხურა, როდესაც პენტაგონმა ფოკუსი თავდაცვაზე და ტერორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა.

კომენტარები