კორონავირუსი საქართველოში

გოგაშვილი ექიმ ანზორ მელიაზე: იმ დედამოტ***ლს უნდა დავურეკო დახმარებისთვის?

რუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა, კლინიკა გულის დირექტორს, კარდიოლოგ ანზორ მელიას Facebook-პოსტში შეურაცხყოფა მიაყენა. 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის იმ ექიმების სია და საკონტაქტო ინფორმაცია გავრცელდა, რომლებიც მზად არიან, დისტანციურად გასწიონ კონსულტაცია და დახმარება. ამ სიაში პირველი ანზორ მელიაა.

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გოგაშვილი სიაში პირველ ნომრად ანზორ მელიას ყოფნას გამოეხმაურა და მას შეურაცხმყოფელად მოიხსენია. 

"მიგზავნიან სიას, ექიმების პირად მონაცემებს, მადლობა, მაგრამ სიაში ვინც პირველი წერია, იმ დედამოტ***ლს უნდა დავურეკო დახმარებისთვის? საქართველოს ჰყავს ძალიან ბევრი ჰუმანისტი და ფიცის დამცავი საამაყო ექიმი. არ ჩამოვთვლი და ვერც იმიტომ, რომ საბედნიეროდ, ძალიან ბევრნი არიან (თუმცა, ამ სიას გამოვაქვეყნებ მალე), მათ შორის, ჩემი სამეგობროდან. 

ხალხო, მეგობრებო, იქამდე, სანამ რამეს გადააგზავნით სხვაგან, წაიკითხეთ მაინც, არამარტო ამ შემთხვევაში, ზოგადადაც... არ გვჭირია ადამიანებს პირველ ნომრად განთესილი, ტერორისტების მოდგმის და მრწამსის კონსულტაციები, რაც არ უნდა გასაჭირში ვიყოთ,"- დაწერა გოგაშვილმა 6 აპრილს. 

გოგაშვილის შეურაცხმყოფელ პოსტს ტვ პირველის ეთერში ანზორ მელიამაც უპასუხა. მელიას თქმით, მას ეამაყება, რომ ის თავის გამოცდილებასა და ცოდნას ახმარს იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოეთში ახლობლებისა და ოჯახის წევრების გარეშე არიან დარჩენილები. 

"წარმოგიდგენიათ, ამ 4 დღის განმავლობაში რამდენი ზარი განხორციელდა. თქვენ უნდა ნახოთ, როგორი დაძაბულები იწყებენ საუბარს და ბოლოს როცა ამთავრებენ, რა ბედნიერები არიან. ემიგრანტები რომ მირეკავენ, მე ხომ არ ვეკითხები, ქალბატონო ან ბატონო, თქვენ ვინა ხართ, "ნაცი", თუ "ქოცი"? ჩემთვის სულერთია ეს და ასეთი შეურაცხყოფა ექიმისთვის, რაც მომაყენა ამ ადამიანმა... ვერავინ იტყვის, რომ ანზორ მელია ყოფს ავადმყოფებს პარტიული ნიშნით," - თქვა ანზორ მელიამ. 

კარდიოლოგი ანზორ მელია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მამაა. 

უცხოეთში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის ექიმების სიისა და მათი მონაცემების შექმნის ინიციატივით ექიმი, კონსილიუმ მედულას ქირურგი გივი ხორბალაძე 3 აპრილს გამოვიდა. 

კომენტარები